შრომითი მიგრაციის პოპულარობით კანადამ აშშ-ს გადაასწრო - Top-10 ქვეყანა

2020 წლის შედეგებით კანადა აღმოჩნდა ნომერ პირველი ქვეყანა შრომით მიგრაციაში მიმზიდველობის კუთხით და აჯობა აშშ-ს - აღნიშნულის შესახებ მოწმობს კონსალტინგური კომპანია BCG-ის და საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმის The Network-ის ერთობლივი კვლევის შედეგები. კვლევის ავტორები კანადის მიმზიდველობის მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ.

„კანადა გახდა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა შრომითი მიგრანტებისთვის 2020 წელს და აჯობა შტატებს. ახალი კვლევის თანახმად, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადამიანების მიდგომაზე საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებით. ჯამში მათმა დაინტერესებამ სამუშაოსადმი იკლო და მათთვის მეტად მიმზიდველი გახდა ქვეყნები, რომლებიც უკეთ გაუმკლავდნენ კორონავირუსს“, - ნათქვამია ანალიზში.

ქვეყნების ათეული, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავს შრომით მიგრანტებს, ასე გამოიყურება:

  • 1. კანადა
  • 2. აშშ
  • 3. ავსტრალია
  • 4. გერმანია
  • 5. დიდი ბრიტანეთი
  • 6. იაპონია
  • 7. შვეიცარია
  • 8. სინგაპური
  • 9. საფრანგეთი
  • 10. ახალი ზელანდია

კვლევის ავტორების განცხადებით, რეიტინგის პირველ ათეულში მოხვედრილი ქვეყნების უმეტესობაში ფიქსირდება კორონავირუსით დაინფიცირების შედარებით ნაკლები რაოდენობა. მათ შორისაა კანადა, ავტრალია და იაპონია. ამასთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებმა დაიმსახურეს შექება გამართული ჯანდაცვის სტრუქტურების გამო, მათ შორის არიან სინგაპური და ახალი ზელანდია, რომლებიც ათეულში პირველად მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 190 ქვეყნის 209 ათასმა მოქალაქემ და მათგან დაახლოებით, 50% მზადაა გადავიდეს სხვა ქვეყანაში სამსახურის საშოვნელად. შედარებისთვის, 2014 წელს ეს მაჩვენებელი იყო 64%, 2018 წელს კი 57%.

კოკა კვირკველია