„ფიზიკურად შეუძლებლი იქნება ამის შესრულება არაერთი კომპანიისთვის, ვისი სამუშაოს სპეციფიკაც განსხვავებულია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალ რეგულაციას, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაო დროის დაფიქსირებას ითვალისწინებს, ორ ძირითად სირთულეს მოიცავს. კერძოდ, როგორც ნიკა ნანუაშვილი განმარტავს, ეს არის რესურსი, რაც საჭიროა თოთოეულ დასაქმებულზე 18 გრაფის შევსებისთვის და მეორე, სპეციფიკური სამსახურები, სადაც თანამშრომლები ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არ იმყოფებიან, ან საქმიანობა დისტანციურია.
„ეს თემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსთან და გავუზიარეთ ის ორი მთავარი წუხილი, რაც ბიზნესს ჰქონდა. ხაზს ვუსვამ, ეს არის ორი მთავარი პრობლემა, რაც ამ ბრძანებას ახლავს თან. პირველი, ეს არ არის მხოლოდ სამუშაო დროის აღრიცხვა. ბევრს უნახავს, როდესაც დაწესებულებაში მუშაობ, იქ არის შესაბამისი მოწყობილობა, საშვს ადებ, აფიქსირებ მისვლის დროს, ისევე როგორც გამოსვლის და ბუნებრივია, ეს ითვლება სამუშაო დროში. ეს რომ ყოველდღე იყოს, კიდევ არ იქნება პრობლემა. ეს არის ბევრად მეტი. ჯამში, თითოეულმა დამსაქმებელმა უნდა შეავსოს 18 გრაფა. სამსახურში ყოფნის დრო მხოლოდ ელექტრონულად რომ აღირიცხოს, ეს არ არის საკმარისი, საჭიროა ცალკე შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება, გაცდენის დრო, შვებულების დრო, ცალკე უნდა აღირიცხოს ღამის ნამუშევარი საათები, იქ ასევე ცალკე უნდა დაანგარიშდეს რამდენი იყო ნამუშევარი საათებიდან ზეგანაკვეთური და ა.შ. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, თვეში ერთხელ, ერთ დასაქმებულზე ჯამში, 18 სახის მონაცემი უნდა დაჯამდეს და აღირიცხოს. ეს განსაკუთრებული პრობლემაა როგორც დიდი, ასევე პატარა კომპანიებისთვის. მითუმეტეს, პანდემიის პირობებში.
და მეორე, რაც დაკავშირებულია თვითონ სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკასთან. მოგეხსენებათ, ერთია, რომ მთლიანად შრომის ბაზარზე სამუშაო ორგანიზების ახალი ტენდენციებია და ძალიან ხშირად სულ არ არის საჭირო ადამიანი მუშაობდე ერთ კონკრეტულ ფიქსირებულ სამუშაო მაგიდასთან. პანდემიის დროს ძალიან ბევრი მუშაობს დისტანციურად და ამის გარეშეც, ძალიან ბევრი პოზიცია და სამუშაოა ისეთი ( მაგალითად, დისტრიბუტორის, რომელიც ერთ სამუშაო ადგილზე არ არის), სადაც ფიზიკურად შეუძებელია დასაქმებულების რეალური ნამუშევარი დროის აღრიცხვა, რაც არის მოთხოვნა. მათ შორის, დისტანციურად შრომის საათებიც უნდა აღირიცხოს.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან თუ მოვინდომებთ, შევძლებთ. ფიზიკურად შეუძლებლი იქნება ამის შესრულება არაერთი კომპანიისთვის, ვისი სამუშაოს სპეციფიკაც განსხვავებულია“,- განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.