,,ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა“- ასე განმარტა სამუშაო საათების სავალდებულო აღრიცხვის მექანიზმი შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.
ბექა ფერაძე ამბობს, რომ ცვლილებები განპირობებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესით და ის არ არის მხოლოდ ქართული პრაქტიკა.
,,ეს რეგულაცია ახალია და გამომდინარეობს, გასულ წელს, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან. მიზანი არის შრომის კოდექსის უკეთ აღსრულება - დაცული იყოს ბალანსი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი უნდა ხდებოდეს შესაბამისი ანაზღაურება. ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ხშირი იყო შემთხვევები, როცა დასაქმებულთა უფლებები ირღვეოდა. ამაზე მეტყველებს ჩვენი სამსახურის მიერ მიღებული საჩივრების ოდენობა და ასევე, მიმართვიანობა სასამართლოსთვის.
ცვლილება არ არის ჩვენი გამოგონილი ნოვაცია, ის პრეცენდენტულია. ნამდვილად მესმის ახლა ბიზნესის პოზიციის და არგუმენტების, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობს დასაქმებულთა უფლებები, ეს არის ეროვნული საჭიროება და ამასთან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც მივყვებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაიდლაინები და დღის წესრიგი, რამაც საბოლოოდ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებამდე უნდა მიგვიყვანოს“, -განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, სანქციების მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე.
„ჩვენ ვეუბნებით კომპანიებს, რომ თავად შეუძლიათ აირჩიონ როგორც პროგრამული, ისე მატერიალური უზრუნველყოფის გზა. ეს განპირობებულია იმით, რომ მსხვილ კომპანიებს აქვთ საშუალება ელექტრონულად მოახდინონ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხვა, ხოლო მცირე კომპანიებს, რომელსაც ამის რესურსი არ აქვთ, შეუძლიათ წერილობით აწარმოონ ტაბელი. სამომავლოდ, თუ ეს არჩევანი აღარ მიეცემა ბიზნესს და სავალდებულო გახდება ყველასათვის ელექტრონული წარმოება, ეს იქნება ისეთივე ანგარიშგების შევსების ფორმა, როგორც ახლა ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი ავსებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფინანსურ ანგარიშებს. სამომავლოდ ეს თუ მოხდა, არ იქნება ზედმეტი ხარჯის წარმომქმნელი ან შემზღუდავი ნორმა, პირიქით.
რაც შეეხება სანქციებს, ამის მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე. შრომის ინსპექციის დისკრეცია იქნება, პირველივე ჯერზე დააჯარიმებს, თუ ჯერ გააფრთხილებს“, - განაცხადა ფერაძემ ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან დასაქმებულებს გაუჩნდათ ვალდებულება, დეტალურად აღრიცხონ დასაქმებულთა სამუშაო საათები.