"თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში"

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება,-ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე დღეს მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების მხრიდან ინვესტორის ვითომ ძებნა მხოლოდ დროის გაწელვა და ხალხის მოტყუებაა.

"ანაკლიის ინვესტორმა განახორციელა 70 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია; - შეასრულა ჭაობის დაშრობისა და ზღვის დაღრმავების სამუშაოების დიდი ნაწილი;

- მოიზიდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ჩართო წამყვანი ქვეყნების მთავრობები (აშშ, იაპონია და ა.შ.);

- მოიზიდა 4 საერთაშორისო ბანკი, რომლებიც მზად არიან 400 მლნ $-ის ინვესტირებისთვის.

მთავრობამ: ბანკებთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 თვით ადრე, მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ აღძრა აბსურდული საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ყავს;

- უარი უთხრა ინვესტორ ბანკებს 50 მლნ დოლარიან საგარანტიო წერილზე;

- არც კი დაუწყია გზისა და რკინიგზის მიყვანა. ამ სიტუაციაში, ახალი კვლევების ჩატარება (რომელსაც მთავრობა ტენდერის გარეშე ატარებს), ახალი ფიქტიური ტენდერის გამოცხადება და ინვესტორის ვითომდა ძებნა არის მხოლოდ დროის გაწელვა და ხალხის მოტყუება.

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება“,- წერს გიგლა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც ინვესტორის შერჩევის პროცესში დახმარებას გაუწევს.