,,მესმის დისკომფორტი, რომელიც ვარჯიშის დროს პირბადის ტარებას უკავშირდება, თუმცა ეს ნამდვილად არ გახლავთ ქართული ნოვაცია“- ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.
ბექა ფერაძე ამბობს, რომ გაიდლაინი შეიქმნა თავად სექტორის თანამონაწილეობით. წამყვანის კითხვაზე, თავად ყოფილა თუ არა სპორტულ დარბაზში, ფერაძემ უპასუხა, რომ დიახ და სწორედ ამიტომ, ესმის დისკომფორტი, რომელიც პირბადით ვარჯიშთანაა დაკავშირებული.
,,მესმის დისკომფორტი, რომელიც ვარჯიშის დროს პირბადის ტარებას უკავშირდება, თუმცა ეს ნამდვილად არ გახლავთ ქართული ნოვაცია. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნახოს იგივე აშშ-ს ან ევროპის გამოცდილება, სადაც პირბადის ტარება არის დამკვიდრებული წესი გარკვეული ვარჯიშებისას. ჩამონათვალი როდის უნდა ეკეთოთ პირბადე და როდის არა, შექმნილია დარგის სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ, საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა თავად ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან და მათ მიერ შემოთავაზებული ვარჯიშებია, რომლებიც ჩავწერეთ მინისტრის ბრძანებაში.
სექტორი, ხშირად ამბობდა, რომ მათთან არ იყო და არ ფიქსირდებოდა ვირუსის გადადება. ამ შემთხვევაში, შეიძლება უშუალოდ სტაფთან მიმართებით ნამდვილად არ იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვზომავთ, უშუალოდ მომხმარებელი როცა გამოდიოდა სპორტული დარბაზიდან, როგორ გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი. ამიტომ, ეს არის პრევენციის მექანიზმი და პარალელურად მცდელობა სექტორს მივცეთ საშუალება იფუნქციონიროს.
სხვა ძირეული ამ სექტორისთვის არაფერი შეცვლილა. დეტალური პროტოკოლი სწორედ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაიწერა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, სპორტული დარბაზები 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ.