ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 2021 წელს საქართველოში უმუშევრობა - 17.9%-ით იქნება – PMCG

ოპტიმისტური სცენარის პირობებშიც კი, უმუშევრობის დონე 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნდება - ამის შესახებ PMC Research Center-ის 2021 წლის ეკონომიკის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„საქსტატის მიერ დასაქმების მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1.242 მილიონი შეადგინა, რაც 54,000-ით (ანუ 4.2%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

2021 წლისთვის, პესიმისტური სცენარით პროგნოზირებულია, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5.7%-ით დაბალი მაჩვენებელი (1.223 მილიონი ადამიანი), საბაზისო სცენარით დასაქმებულთა რაოდენობა 3,2%-ით ნაკლები იქნება 2019 წელთან შედარებით (1.254 მილიონი ადამიანი), ხოლო ოპტიმისტური სცენარით 1.2%-ით ნაკლები (1.281 მილიონი ადამიანი). რაც შეეხება 2020 წლის უმუშევრობის დონეს, მან 2020 წლის მეოთხე კვარტალში 20,4%-ს მიაღწია, ხოლო მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 18.5% შეადგინა, რაც 0,9 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე 2019 წლის მაჩვენებელი.

2021 წლისთვის პესიმისტური სცენარით მოსალოდნელია უმუშევრობის მაჩვენებლის 18.8%-მდე გაზრდა, საბაზისო სცენარისთვის მოსალოდნელია უმუშევრობის დონის 18.3%-იანი მაჩვენებელი, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში - 17.9%.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებშიც კი, უმუშევრობის დონე 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნდება. მაშინაც კი, თუ მოვლენები ოპტიმისტური სცენარით განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს სრულად ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს. პოტენციური უარყოფითი რისკების გათვალისწინებით, ეს სცენარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა სამი განხილული სცენარიდან, ამრიგად, 2021 წელი, სავარაუდოდ, არაორდინალური ეკონომიკური აღდგენის წელი არ იქნება. ამის ნაცვლად, წელს საქართველო უნდა ფოკუსირდეს ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე, მოწყვლადი ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერასა და რაც მთავარია, მომდევნო წლებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენასა და ტრანსფორმაციისთვის საფუძველის მომზადებაზე“ - აღნიშნულია კვლევაში.

თამარ მუკბანიანი