დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

„საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმერეთისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება და გრანტის ოდენობა 13 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 4 მარტიდან დაიწყო და 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერიებში: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; ქ. გორი, სამების ქუჩა N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106; ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.N1; ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.N37.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.