„ორივე მეწილე საქართველოდან გასვლას ვაპირებთ“ - „უჯაფო“ იყიდება

„უჯაფო“ იყიდება. საუბარია, კომპანიაზე, რომელიც დაჭრილ ხილსა და ბოსტნეულს ინოვაციური შეფუთვით აწარმოებს.

„უჯაფოს“ პირველი პროდუქტი დაჭრილი კარტოფილი იყო, რომელსაც ბაზარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „უჯაფოს“ გასხვისების მიზეზია ის, რომ ორივე მეწილე საქართველოს დატოვებას გეგმავს, რასაც პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც ემატება.

„უჯაფომ“ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით შესაბამისი პოსტი „ფეისბუკ“ გვერდზეც გაავრცელა: „უჯაფოს მეგობრებო, 2-წლიანი დაუღალავი მუშაობის და ბევრი წარმატების მიუხედავად, კოვიდ -19 ის მიერ მოყენებული ზარალი, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახა და შესაბამისად, კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, გვიწევს უჯაფოს გასხვისება (გაყიდვა).

ჩვენმა ჯანსაღმა პროდუქციამ თავისი სახელი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე და დაუმეგობრდა ყველა მსხვილ ქსელს გაყიდვების სფეროში...

რატომ არ უნდა გაუშვა შანსი ხელიდან და რატომ უჯაფო? ქართულია და რა თქმა უნდა, კარგია. ეს საქმე მოგიტანს წარმატებას. მოგცემს განვითარების პერპექტივას და საზოგადოების სიყვარულს, მაგრამ სახელმა არ მოგატყუოს, ჯაფა ნამდვილად დაგჭირდება.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა უჯაფოს განვითარებაში. მადლობა ყველა მომხმარებელს დადებითი შეფასებებისთვის და კეთილი სურვილებისთვის“,- აღნიშნულია პოსტში.

როგორც გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, „უჯაფოთი“ რამდენიმე ადგილობრივი ინვესტორი უკვე დაინტერესდა.

„ორივე მეწილე საქართველოდან გასვლას ვაპირებთ და ამიტომ უფრო ვყიდით ბიზნესს. ძირითადი მიზეზი ეს არის. ამასთან, პანდემიის გამო გაყიდვებმა იკლო, დაახლოებთ, 60-70%-ით.

უკვე შეგვეხმიანა რამდენიმე ადამიანი, ველოდებით პასუხებს. ყველა მათგანი ადგილობრივი ინვესტორია“,- ამბობს გიორგი ტორონჯაძე.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე „უჯაფო“ დაახლოებით, სამი წლის წინ გამოჩნდა და პროექტის განსახორციელებლად 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. კომპანიის პირველი პროდუქტი ინოვაციურ, ვაკუუმ შეფუთვაში მოთავსებული დაჭრილი კარტოფილი იყო. მოგვიანებით, წარმოებას გარჩეული ბროწეული, დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ორი სახეობის ბულგარული წიწაკაც დაემატა.

ნინი ქეთელაური