ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა, პროდუქციის გამოშვება შემცირდა - საქსტატი

2020 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, 2020 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6 პროცენტი, საშუალოზე - 27.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.7 პროცენტი.

საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის IV კვარტალში 18.0 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 11.0 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით ნაკლები).

ამასთან, 2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი- 35.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 7.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -3.0 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.7 პროცენტი) და მშენებლობა (21.6პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.