საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთი რამ ყველაზე ცხადია - ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.
ამის შესახებ სონღულაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა იყოს და მინისტრები ამ კითხვებს მომავალ კვირას პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ უპასუხებენ.
„აუცილებელია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ბატონი დავითაშვილის და ქალბატონი თურნავას ვიზიტიც ამას ადასტურებს. იქით კვირაში აუცილებლად მოვლენ ჩვენთან კომიტეტზეც, შესაბამისად, ყველანაირი სივრცე უნდა მოვიცვათ, რომ კითხვებს, რაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, გაეცეს შესაბამისი პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი პრობლემა დადგა, რეაგირებაც მოხდა. ერთი რამ არის ყველაზე ცხადი - ჰესების მშენებლობა არის აუცილებელი, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ფაქტია, რომ მინისტრებს პასუხები აქვთ, ესაუბრებიან საზოგადოებას. წესით პასუხების გაცემა არ უნდა გაუჭირდეთ. ხელშეკრულებას არ ვიცნობ, რადგან ჩემი ნაწილი არ არის ხელშეკრულების დეტალების ცოდნა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ ამ პრობლემას და გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ“, - განაცხადა სონღულაშვილმა.