,,ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა.
გიგი სისვაძე ამბობს, რომ ბაზარზე დიდი დახურვის შემდეგ კერძო ბაღების 50% ვერ დაბრუნდა.
,,თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, ბაზარზე დაბრუნება კერძო ბაღების 50%-მა შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივია, თუმცა არ არის შეუძლებელი. უფრო მეტიც, ჩვენ ასოციაციის ფარგლებში თავად ვქმნით რეგულაციების ახალ პაკეტს, რათა მზად ვიყოთ უფრო მკაცრი პირობებისთვისაც. იმისთვის, რომ მომავალში შეგვეძლოს ამ ინსტრუქციის მთავრობისთვის შეთავაზება, ჩვენივე გაიდლაინით როგორ ვმართავთ პანდემიას. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ეპიდ სიტუაციის დროს შევძლოთ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება. საქართველოში პირველი ჩვენ დაგვხურეს და ბოლო ჩვენ გავიხსენით, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში პირიქითაა.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებით, ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება. ეს გვინდა, რომ დავამტკიცებინოთ ეკონომიკის სამინისტროს კერძო ბაღებთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ ეხება სახელმწიფო ბაღებს, სადაც გაცილებით დიდია აღსაზრდელთა რაოდენობა. ჩვენ მათგან გამიჯნული ვართ, როგორც ფორმალურად და იურიდიულად, ასევე, არსობრივადაც.
უპირველესი მოთხოვნაა, რომ აღარ დაგვხურონ. ასოციაცია 10 მარტამდე ჩაატარებს პრესკონფერენციას, სადაც გვაქვს შეღავათებთან დაკავშირებით კონკრეტული თხოვნები ეკონომიკის სამინისტროსთან. რაც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ფუნქციონირება“-აცხადებს სისვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, ბაღებს ფუნქციონირების განახლების უფლება 1-ელ მარტს მიეცათ.