შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
როგორც გომელაურმა “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა.
მინისტრის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან.
„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის შეძენა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს ახალი შენობები აშენდა ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიში. ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობა კი ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.