2021 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს ახლად დანიშნული მთავრობა ხელმძღვანელობს, რომელთა შორის, ნაწილი მანამდე მოქმედი, ზოგიერთი კი, ახალი მინისტრია.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც მანამდე, ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
2021 წლის 26 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის: 2003 წელს მემკვიდრეობით გადაცემული, ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიის (40 კვ.მ ) 50%-ანი წილი; 2005 წელს ჩუქებით გადაცემული 1210 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სენაკის რაიონში და 2014 წელს, 125 000 დოლარად შეძენილი, 150,81 კვ.მ ბინა თბილისში.
გარდა ამისა, გოჩა ლორთქიფანიძის მეუღლის სახელზეა: 727 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2401 კვ.მ სახლი ხობის რაიონში. ასევე, 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილი გრიგოლეთში.
დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე (2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე) ხელფასის სახით - 48 625 ლარი მიიღო; ასევე, გასულ წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიწვეული ლექტორის სტატუსით - 1 620 ლარი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - 960 ლარი, ხოლო, სოხუმის უნივერსიტეტში - 6 817 ლარი. უკვე მინისტრის პოსტზე კი, გოჩა ლორთქიფანიძის ხელფასმა, 2020 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 1310,86 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში გოჩა ლორთქიფანიძე ფლობდა: ,,თიბისი ბანკის" საბარათე ანგარიშზე - 4 214 ლარს, სახელფასოზე - 183,75 ლარს, ხოლო "საქართველოს ბანკის“ - სახელფასოზე - 500,5 ლარს.