დანია AstraZeneca-ს ვაქცინას 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებშიც გამოიყენებს

დანიის ჯანდაცვის ეროვნულმა საბჭომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა 18 წელზე უფროსი, მათ შორის 65 წელს გადაცილებული პირებისთვისაც გასცა. მანამდე საბჭო აცხადებდა, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობდა, რის გამოც აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის რეკომენდაციას არ იძლეოდა. თუმცა, დანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი შოტლანდიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა გახდა, რომლის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებით აცრის დაწყებამ შოტლანდიაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების კლება გამოიწვია.

„შოტლანდიიდან მიღებული შედეგები სასიხარულოა. მან აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ხანდაზმულებში”, - აღნიშნა დანიის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ბოლეტ ზიბორგმა.

დანიის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მსგავსი ნაბიჯები საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიისა და შვედეთის მხრიდან.