მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს.
როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს და იზრუნებს სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და ეს მაშინ, როცა სექტორის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქვეყნის ეკონომიკაში როგორც საბიუჯეტო შენატანების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით.
„ლიცენზირების, არასრულყოფილი სტანდარტების, სამშენებლო მასალის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, საუბარი შეეხო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ ხარვეზებსაც. ამასთან, მონაწილეთა მხრიდან ერთხმად აღინიშნა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს კეთილი ნებისა, დაეზღვია მასალების ფასებზე ლარის კურსით გამოწვეული ცვლილების რისკები, რეალურად ვერ ხდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების ჯეროვანი აღსრულება და კომპანიები ვერ სარგებლობენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშემწყობი პირობებით“,- აღნიშნავენ ასოციაციაში.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გიორგი დევაძის თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს სამშენებლო სექტორს, რათა არსებული გამოწვევების პირობებში არ მოხდეს სფეროს ჩამოშლა და შესაბამისად, უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ გეგმავს შეასრულოს შუამავლის როლი ხელისუფლებასა და სამშენებლო სექტორს შორის. ეს ორმხრივად მნიშვნელოვანია, როგორც სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის, რადგანაც დაგროვილი პრობლემების დროული გადაწყვეტის გარეშე წარმოუდგენელია ამ სექტორში წინსვლა და ქართული კომპანიების შემდგომი განვითარება. ამასთან, კომპანიების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს საკუთარი ხედვები სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ამნისტიის შესახებ, რომელიც შეიცავს როგორც პოზიტიურ ნორმებს, ასევე ქმნის ისეთ რისკებს, რომელიც მომავალში სექტორში მონაწილე ბიზნეს ოპერატორების საქმიანობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება“,- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.