რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი, საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და რუსთავის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

“რუსთავში ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას და ვიწყებთ ერთ-ერთი ძველი ქუჩის რეაბილიტაციას. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ამჟამად იწყება პირველი ეტაპი, რომელიც რამდენიმე კორპუსის რესტავრაციას და ტროტუარების მოწყობას მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქი უნდა ვითარდებოდეს თანაბრად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველ და ახალ რუსთავში პროექტები თანაბრად გადავანაწილოთ. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ეკოლოგიაზე და ამ ქუჩაზეც, გამწვანებით სამუშაოებს დიდი ყურადღება დაეთმობა. რუსთავი ნელ-ნელა ლამაზდება და საბოლოოდ თანამედროვე, ევროპული ტიპის განვითარებული ქალაქი იქნება. ადამიანებს, რომლებიც გვიწევენ ოპონირებას, ჩვენ ამ ფორმით-ახალი პროექტების დაწყებით და საქმით უნდა ვუპასუხოთ“, -განაცხადა რუსთავის მეჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.

“ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის კიდევ ერთ ეტაპს ვიწყებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაცოცხლოთ ისტორია. თქვენ იცით და ხედავთ, თუ როგორ გალამაზდა კოსტავას გამზირი. რუსთაველის ქუჩასაც ანალოგიური დატვირთვა აქვს ქალაქისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ასე დაგვეხმარა, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაცია დაგვეწყო. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, ეს პირველი ეტაპია და ის ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული გვექნება. სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ქუჩა სხვა ეკონომიკურ და სოციალურ დატვირთვას შეიძენს, გარდა ამისა, აქ თითქმის 8 ჰექტარი რეკრეაციას უჭირავს და ამ მხრივაც ძალიან მიმზიდველი იქნება ეს უბანი. ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუსთავის კიდევ ერთი ისტორიული შენობა-ხელოვნების სასწავლებელი, რომლის უნიკალური დარბაზის რესტავრაციაც უკვე დავასრულეთ და გარე ფასადის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებული გვაქვს. ძალიან ლამაზი სკვერი-ახალგაზრდობის პარკი ეწყობა ახალ რუსთავში, რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს ქალაქის თეატრის მიმდებარედაც. წელს საკმაოდ საინტერესო და რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის განცხადებით, რუსთავს ასეთი პროექტების განხორციელების გამოცდილება დაუგროვდა.

“რუსთავს ასეთი ძველი ქუჩების რეაბილიტაციის კარგი გამოცდილება აქვს, სამუშაოები დაგეგმილია რუსთაველის ქუჩის პარალელურ ქუჩაზეც, არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს რუსთავში წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. შერჩევა-შეფასების სტადიაშია და სულ მალე დაიწყება მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ასე ელოდებოდნენ რუსთაველები“, -განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

“ეს არის ძველი არქიტექტურა და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასეთ ქუჩებს. ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ რუსთავში, ამ ქალაქის პერსპექტივას ბევრჯერ გავუსვით ხაზი და სულ მალე, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი-სპორტკომპლექსის მშენებლობაც დაიწყება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.