„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად"

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.