ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა იქნება გათვალისწინებული.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეიძლება მოხდეს გარკვეული საკითხების გათვალისწინება და კორექტირება, თუ ისინი რეალურ პრობლემებზე იქნება დამყარებული.
„ეს უნდა იყოს რეალურ საფუძვლებზე დამყარებული საკითხები და არა, დავუშვათ, იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ამიტომ დღეს აქაც განვაცხადეთ, რომ მთელი რიგი საკითხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ჩვენ პირობა მივეცით, რომ პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა მათთვის სანდო ექსპერტების მიერ „ზემო ნამახვანის“ პროექტირება/შესწავლაში, რადგან „ზემო ნამახვანზე“ ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არის, კვლევები ახლა მიმდინარეობს და არის კარგი მომენტი, რომ ჩვენ თუკი რაიმე კომუნიკაციაში დავაკელით „ქვემო ნამახვანის“ პროექტს, ახლა ეს პრობლემა სხვაგვარად გადავწყვიტოთ და ამ კვლევებში მაქსიმალურად ჩავრთოთ დაინტერესებული მოსახლეობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.