ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის ცვლილებას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ლი აპრილიდან ჩაერთვება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, საკრებულომ მხარი დაუჭირა.
აღნიშნულს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ განუცხადა, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
მისივე განმარტებით, 1-ელი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება.
„მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა, კერძოდ, საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. გაერთიანებული ინტეგრირებული სისტემა უფრო მოსახერხებელი და გამარტივებული იქნება",- განაცხადა გრიგოლიამ.
მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი და საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ჯამში 15 პუნქტისგან შედგება.
მასში აღნიშნულია, რომ „სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით“ უნდა მოხდეს.
ასევე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობების გავრცელება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში, რისი განხორციელების ვადაც დოკუმენტის თანახმად 2021 წლის 1-ლი აპრილია.
მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, სხვა საკითხები ასევე ითვალისწინებს:
ტენდერის გამოცხადებას 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფას (01.08.2021);
ტენდერის გამოცხადებას 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021);
8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფას (01.01.2022); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფას (01.01.2022);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვის და მიღების უზრუნველყოფას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემას (01.01.2022);
8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფას (01.06.2022);
საკრებულომ აღნიშნულ პროგრამას მხარი დაუჭირა. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.