თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასები ეზრდება. აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ განუცხადა, ხელფასები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს ეზრდებათ და ანაზღაურების ზრდა თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებული არ არის.
„ხელფასები ეზრდება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების ნაწილს, რომლებიც წლებია მუშაობს. მგონია, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი სხვა სამსახურებშიც დაიწყოს, რადგან ეს ადამიანები უდიდეს შრომას ეწევიან ქალაქის საკეთილდღეოდ და ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სერვისები სრულფასოვნად მიაწოდოს მოსახლეობას. იმედი მაქვს, ბიუჯეტსაც ექნება მომავალში ამის შესაძლებლობა და სხვა სამსახურების თანამშრომლებზეც გავრცელდება ანალოგიური წახალისება. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ხელფასი ეზრდება რიგით თანამშრომლებს და არ არის საუბარი არცერთ თანამდებობის პირზე. წელიწადში, დაახლოებით, 200 ათას ლარამდე ზრდაა ბიუჯეტურად ამ მიმართულებით. საუბარია 55 თანამშრომელზე და ყველა რიგითია. ხელფასების ზრდა მომავალი თვიდან, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება",- განაცხადა სოხაძემ.
სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.