საბერძნეთის მშპ 2020 წელს 8,2%-ით შემცირდა

საბერძნეთის მშპ 2020 წელს 8,2%-ით შემცირდა, რაც უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე იყო მოლოდინი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური- ELSTAT-ი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საბერძნეთის ეკონომიკის 8,2%-იანმა ვარდნამ გვიჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეგონათ. მონაცემები აჩვენებენ, რომ მშპ მეოთხე კვარტალი შემცირდა 7,9%-ით 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და ჯამში წლის განმავლობაში კლებამ შეადგინა 8,2%, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის სამსახურმა ასევე გააანალიზა წინა კვარტლების მონაცემები, რომლის თანახმად მესამე კვარტალში მშპ-ს კლება იყო 10,5%, მეორეში - 13,8%, ხოლო პირველ კვარტალში - 0,1%.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტში ჩადებულია 10,5%-იანი კლების პროგნოზი 2020 წლისთვის და 3,3%-იანი ზრდა უკვე მიმდინარე წლისთვის. ევროკომისიის ზამთრის პროგნოზებში კი მოლოდინი ჰქონდათ, რომ საბერძნეთის მშპ შესაძლოა, 10%-მდე შემცირებულიყო.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ხრისტოს სტაიკურასის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე მდგრადობა აჩვენა. მისი თქმით, ეს მონაცემები მოწმობს, რომ ქვეყანა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ვრცელ სპექტრს, რომლის შედეგად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მოხერხდა. „ფაქტია, რომ საბერძნეთში რეცესია 2020 წელს იყო ღრმა, თუმცა ის ახლოს არის საერთო ევროპულ დონესთან. და როგორც ახლა ჩანს, არც 2021 წელი იქნება მარტივი. პრობლემები ბევრია და საკმაოდ დიდი“, - დასძინა მან.

კოკა კვირკველია