"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა"

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერის პროგრამას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორს საგრძნობლად დაეხმარება.

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მძიმე მდგომარეობა აქვთ, მნიშვნელოვანი შეღავათი ექნებათ. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა ლევან არველაძემ.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ლევან არველაძემ საქართველოს მთავრობას და დედაქალაქის მერს მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა სუბსიდირების პროგრამისთვის მადლობა გადაუხადა.