ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც მათ  სახელმწიფო უწესებს

„ნამახვანჰესის" აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით დასრულდეს.

„მაგრამ თუ ინვესტორი პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს, რა თქმა უნდა, ის ამ მიწაზე თავისუფლად დახარჯავს საკუთარ სახსრებს, ააშენებს სადგურს და დაასაქმებს ხალხს. არცერთი ინვესტორი, გარანტიის გარეშე, რომ მიწას, რაზეც აშენებს და ხარჯავს ფულს, მას არავინ გამოაცლის უმიზეზოდ, დარღვევის გარეშე, ინვესტიციას არ ჩადებს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა უარყო ბრალდება, თითქოს ინვესტორს რიონის ხეობა მთლიანად გადაეცა.

მისივე თქმით, არცერთი ინვესტორი არ შევა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უფრო, რომ აქ საუბარია 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე.

„ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა. ჰესის აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან. ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის. არსებობს მკაფიო პროცედურა, რაც ხელშეკრულების დანართშია გაწერილი, როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის აუცილებლობა და პროექტთან კავშირი ინვესტორმა, რომ სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ეს მიწა ამ პროექტს ნამდვილად სჭირდება," - განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით გამართულ შეხვედრაში ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.