ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

ოკუპირებული ტერიტორიიდან მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 24 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოიტანეს სხვადასხვა დასახელების 24 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის ჯამური ღირებულება აღემატება 102 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.