„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ხეობის მცველებთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ.
მათთან კარვებში მისვლის გადაწყვეტილება ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს მიიღეს, სადაც „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს. მინისტრების განცხადებით, კარვებში მყოფი ადამიანები ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობის წევრები აუცილებლად წასულიყვნენ მათთან სასაუბროდ და ადგილზე გადაეწყვიტათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი მომავალი შეხვედრებისთვის.
„მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე რაც მათ ადარდებთ. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ არ დარჩეს ბევრი კითხვის ნიშანი. თუ დავინახეთ, ამ პროექტის მსვლელობისას შესაძლებელია, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რაც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს გარკვეული გაუმჯობესებისთვის, ამისთვისაც მზად ვართ" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოში ბევრი მაგალითი გვაქვს ისეთი რეგიონების, სადაც ჰიდროენერგეტიკის განვითარების კვალობაზე გაივსო სოფლები, დამაგრდა მოსახლეობა და შეივსო ადგილობრივი ბიუჯეტები. „მზად ვართ, ერთად მოვნახოთ ის გზა, რომელიც წაადგება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.