ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ გაყინონ ყველა ტარიფი, რომელიც Boeing-სა და Airbus-ს დავის გამო, დააწესეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც შეთანხმდნენ 4 თვით გაყინონ 10 მილიარდის მოცულობის ის საბაჟო ტარიფები, რომლებიც ამოქმედდა Boeing-სა და Airbus-ს შორის არსებული მრავალწლიანი დავის შედეგად. ამის შესახებ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა.

„სიამოვნებით ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. აშშ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალი სტარტის ფარგლებში შევთანხმდით 4 თვით შევაჩეროთ ყველა მოქმედი ტარიფი, რომელიც დაკავშირებულია Boeing – Airbus-ის დავასთან და ეხება საავიაციო და არასაავიაციო პროდუქციას,“ - განაცხადა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან ასევე განიხილა აშშ-ევროკავშირის საბჭოს შექმნის საკითხი, რომელიც შეეხება ტექნოლოგიებსა და ვაჭრობას, ასევე კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებას და მთელს მსოფლიოში დემოკრატიის გაძლიერებასა და ხელშეწყობას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2019 წელს უფლება მისცა ამერიკის ხელისუფლებას დაებეგრა ევროპიდან იმპორტირებული 7,5 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქცია, რომელმაც თავის მხრივ დაარღვია Airbus -ის სუბსიდირების წესი. ეს დავა მხარეებს შორის 2004 წლიდან მიმდინარეობს, მაშინ აშშ-ის ხელისუფლებამ ორგანიზაციას დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპნეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ამერიკული ტარიფების ზრდა შეეხოთ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საფრენ აპარატებსაც. ის ასევე შეეხო ფრანგულ ღვინოებს, შოტლანდიურ ვისკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველის იმპორტს.

კოკა კვირკველია