კონცერნ Stellantis-ის ხელძღვანელმა, რომლის შემადგენლობაში შედის ბრენდი Jeep, განაცხადა, რომ კომპანიამ შესაძლოა უარი თქვას სახელზე Cherokee. ამის მიზეზი კი ინდიელებში მზარდი უკმაყოფილებაა. ცნობისთვის, ერთ-ერთი ტომის ბელადი აგრძელებს მოთხოვნას - სრულად აიკრძალოს სიტყვა Cherokee მოდელების დასახელებაში.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს Cherokee Nation ტომის ბელადმა, რომელიც არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ინდიელების ტომი და აღიარებულია აშშ-ის ხელისუფლების მიერ, განაცხადა, რომ სახელწოდება Cherokee-ს გამოყენება ავტომობილებში მის ერს ამცირებს. ჩაკა-ჰოსკინ უმცროსის თქმით, მათი პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა მათი წარმომავლობის, კულტურისა და ენის შესწავლა. თუმცა, Jeep ამას არ ეთანხმება. ბრენდის ხელმძღვანელობა განმარტავს რომ მოდელების სახელწოდება ძალიან ყურადღებით შეირჩა თავის დროზე და პირიქით, ის ხოტბას ასხამს ამერიკის ძირძველ მოსახლეებს.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებმა ჯერ შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან მხარეები საკუთარ პოზიციებზე უცვლელად არიან. ამავდროულად კი The Wall Street Journal-ი ციტირებს Stellantis-ის გენერალური დირექტორის კარლოს ტრავარესის ნათქვამს, რომ ის მზადაა პრობლემის მოგვარებისთვის.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუმცა, თუ ის გაჩნდება ჩვენ მას რა თქმა უნდა გადავჭრით,“ - აცხადებს ტრავარესი, რის გამოც გაზეთი ფიქრობს, რომ ის სულ არ არის წინააღმდეგი ბრენდმა უარი თქვას სახელზე - Cherokee, რომელსაც 1974 წლიდან იყენებს.