სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია და ამ პირობებში დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება საქალაქთაშორისო გზებზე”,- ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციები “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “ტრანსპორტის და გზების ასოციაცია” “ევროპული სოციალისტების” დეპუტატის ფრიდონ ინჯიას ინიციატივას.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქის გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტები გადასახედია.
„2020 წლის განმავლობაში საქართველოში 4,999 საგზაო შემთხვევა მოხდა, სამწუხაროდ, დაიღუპა 450 და დაშავდა 6,640 პირი. პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით გამოწვეული ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების გამო, 2020 წელს წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევები შემცირდა 14%-ით, ლეტალური შედეგი 6,5 %-ით, ხოლო სხეულის დაზიანება 16 % - ით, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევებში მსხვერპლთა კლების მიუხედავად, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილობა წინა წლის მონაცემთან შედარებით 29%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია და ამ პირობებში დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება საქალაქთაშორისო გზებზე. უფრო მეტიც, ქალაქის გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტები გადასახედია და დასაახლოვებელი ევროპულ სტანდარტებთან.
ვფიქრობთ, აუცილებელია სიჩქარის გადაჭარბების გამო მართვის მოწმობაზე ქულათა ჩამოკლება უნდა აღსრულდეს არამხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ, არამედ სამეთვალყურეო კამერების მეშვეობითაც”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, “ევროპული სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალებზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვა “კომენდანტის საათის” არსებობისას 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს.