"შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს - ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შუა აზიის რეგიონის ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა საჰაერო სატრანსპორტო გზით მხოლოდ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით იქნება შესაძლებელი. მათ საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს ასევე უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.
„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.