გამოცემა Mansionglobal-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი მცირე ზომის კუნძული რეკორდულ ფასად - 11 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე გაყიდული კუნძულის ფასმა წინა რეკორდულ მაჩვენებელს 40%-ით გადააჭარბა.
თუმცა, გამოცემა წერს, რომ მაღალი ფასის მიუხედავად კუნძულს საკმაოდ კარგი მდებარეობა აქვს, მის მდიდრულ ვილაში კი მფლობელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი.
კუნძულის საერთო ფართობი 20 000 კვ.მ.-ს აღემატება. ის თითქმის მთლიანად პალმებით არის დაფარული, გარშემო კი ზღვა აკრავს, სადაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება.
კუნძულის მთავარ შენობას 2-სართულიანი მდიდრული ვილა წარმოადგენს, სადაც უზარმაზარი სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, საძინებლები და სააბაზანო ოთახებია განთავსებული.
სახლის ორ მხარეს უზარმაზარი აივანია მოწყობილი, საიდანაც მის მფლობელებსა და სტუმრებს დასვენება და ზღვის ხედებით ტკბობა შეუძლიათ.
მთავარი შენობის გარდა კუნძულზე სტუმრებისთვის კიდევ ერთი მცირე ზომის სახლია, სადაც 4 საძინებელი და 4 აბაზანაა მოწყობილი.
Mansionglobal-ის მიხედვით, ვილას საკუთარი მცირე ზომის პორტიც კი აქვს, სადაც 15-მდე იახტისა თუ ნავის მიღება შეუძლია.