„სუბსიდირების პროგრამა სავარაუდოდ, გაგრძელდება. მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება, რომ მაისშიც მოხდეს ფქვილის სუბსიდირება“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციიის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლევან სილაგავას თქმით, მთავრობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს ასოციაციას და მათი ეს განწყობა ცალსახაა, რათა არ მოხდეს პურის ფასის ზრდა.
,,ჩვენ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მე ვიცი განწყობა როგორია ხელისუფლების მხრიდან და სავარაუდოდ, სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება. მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება, რომ მაისშიც კი გაგრძელდეს. რატომ ეს ორი თვე? ვიცით, რომ ახლა ფასები ხორბალზე ისევ მაღალია. შესაბამისად, სამიზნე ფასი მეპურეებისთვის არის 53 ლარი 1 ტომარა ფქვილზე. ისინი ამბობენ, რომ თუ ეს ფასი არ იქნება, პური გაძვირდება. დღეს კი თავისუფალ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 67-68 ლარია. ამიტომ, ხორციელდება 15-ლარიანი სუბსიდირება.
უკვე დაახლოებით 20 მარტისთვის მთავრობას მეპურეებთან და ჩვენთან ერთად ექნება შემაჯამებელი ანალიტიკური შეხვედრა, სადაც განისაზღვრება თავისუფალ ბაზარზე რამდენია ფქვილის ფასი, რომ გამოიკვეთოს, რამდენი დასჭირდება შემდეგ სუბსიდირებას. შემდგომ თვეებში ალბათ, საჭიროებაც აღარ იქნება, რადგან მოუსწრებს ახალი მოსავალი პირველი ივლისიდან. ამ პერიოდში ტრადიციულად მუდმივად აღება მეტია ახალი ხორბლის, ვიდრე შესანახი მეურნეობების. მოსავალი ამ დროს აწვება ფასს და ფასი ამ დროისათვის დაკორექტირდება. შეიძლება, ეს არ იყოს ისეთი კლება, რომ 53 ლარზე ჩამოვიდეს ისევ ფასი, მაგრამ სავარაუდოდ, მინიმუმ 5-6 ლარით კლება მოხდება. დადასტურებით ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ გამოცდილება და პრაქტიკა ასეთია.
სხვა თემაა, სხვა კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს პურის ფასზე. ამის შემდეგ შევხედავთ, რა ღონისძიებების გატარება დასჭირდება ან არ დასჭირდება სახელმწიფოს. აპრილი და მაისი კი დიდი ალბათობით, დასუბსიდირდება, რათა პურის ფასი შენარჩუნდეს. რომ არა ეს მექანიზმი, დღეს პური 15-20 თეთრით მეტი ეღირებოდა. ასე ამბობენ მეპურეები, “- ამბობს ლევან სილაგავა ,, ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ქვეყანაში პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას ახორციელებს, რომლის ვადაც 1 აპრილს იწურება.