ნინო ჩხაპელია გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ახალგაზრდა გოგონაა.
მან საშუალო განათლება წალენჯიხაში, სოფელ მუჟუვას საჯარო სკოლაში მიიღო და სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა. ნიჭიერ და მიზანდასახულ გოგონას პატარა ასაკიდან კარგად ჰქონდა გააზრებული თავისუფალი, დამოუკიდებელი მომავლის შექმნაში რა როლი აქვს განათლებას. სურდა კარგად ესწავლა და მაგალითის მიმცემი ყოფილიყო როგორც თანასოფლელების, ისე პირობითი საზღვრის მიღმა მყოფი ახალგაზრდებისთვის. ნინოს სწავლასთან ერთად სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უწევდა ჩართვა, ხანდაზმულ ბებოს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა და პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მიუხედავად მაღალმთიანი სოფლის ყოფითი პირობების და მწირი რესურსებისა, ის აქტიურად ცდილობდა ჩართულიყო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. ამაში ადგილობრივი პედაგოგიც ეხმარებოდა, რომელმაც გოგონას STEM დისციპლინები და მათემატიკა შეაყვარა. ნიჭიერი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და წარმატებებს აღწევდა Kings-ის, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსში. გერმანული ენის კონფერენციაში მისმა ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა. ამის შემდეგ ნინომ გერმანული ენის კურსები გაიარა „გოეთეს სახლში“ და კიდევ უფრო განიმტკიცა ენის ცოდნა.
ნინო ბავშვობიდან ოცნებობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღებაზე. ეს ყოველივე კი საჭირო რესურსს და შესაძლებლობას მოითხოვდა და რთულად მისაღწევ მიზნად მიაჩნდა. მისმა შრომისმოყვარეობამ და სიბეჯითემ კი გასულ წელს შესაბამისი შედეგიც გამოიღო და ამჟამად იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. KIU-ში ჩაბარებით კი ბავშვობის ოცნება აისრულა და დღეს ხარისხიან ევროპულ განათლებას იღებს. მოსწონს გერმანული საგანმანათლებო მოდელი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს. რთული და დატვირთული სასწავლო რეჟიმის პარალელურად ახერხებს იყოს აქტიური სტუდენტი და მონაწილეობა მიიღოს KIU-ს ღონისძიებებში. მათემატიკურ პროექტ - KIU Visual Math Fest-ის ფარგლებში მეგობრებთან ერთად Adventure in Math წარადგინა. ეს არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში, რომელიც უკავშირდება სტუდენტების მიერ გასულ სემესტრში მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში მიღებულ ცოდნას. თამაში მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, მარტივად, ხალისიანად გაეცნონ მათემატიკას და გაიარონ მათთვის საინტერესო საკითხები. იმედი აქვს, რომ ინოვაციური პროექტი უკვე სხვა მოსწავლეებსაც გაუმარტივებს სწავლას და შეაყვარებს მათემატიკას.
„ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპულ უნივერსიტეტში ცოდნის მიღებაზე. როგორც კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, საქართველოში გაჩნდა ჩემი ოცნებების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, თავი იღბლიან ადამიანად მივიჩნიე. KIU საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და TUM-თან სინთეზირებული საგანმანათლებლო პროგრამებით უპირველესია მთელს რეგიონში. სწავლა რთულია, თუმცა ფინანსური და მორალური ხელშეწყობა, გერმანელ და ქართველ პროფესორებთან თანაცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა გვიადვილებს ხარისხიანი განათლების მიღებას. სხვადასხვა სახის სტიპენდია, საოლიმპიადო წრე, ზამთრის სკოლა, STEM მიმართულების პროექტები, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს მოტივაციას გვიზრდის. რაც მთავარია, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და საკუთარი თავის რეალიზებაში გვეხმარება. ამის ნათელი მაგალითია KIU Visual Math Fest, რომელშიც საუკეთესო გუნდთან ერთად ვმონაწილეობ. ეს ფესტივალი ნამდვილად სიახლეა საქართველოში. მიხარია, რომ საყვარელ პროფესიას ვეუფლები და KIU-ს სტუდენტი ვარ.“ - ნინო ჩხაპელია.