რესტორნები, რომლებიც თბილისის მერიისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, 2 ძირითად და ერთ დამატებით კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ.
ამის შესახებ მერიის ეკონიმიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ორი ძირითადი კრიუტერიუმია ობიექტში სკამების რაოდენობა და დღიური ბრუნვა. ხოლო დამატებით მოთხოვნაა, რომ რესტორანი საერთაშორისო ქსელს, მათ შორის, „ფრანჩაიზს“ არ უნდა წარმოადგენდეს.
„აქ არის ორი ძირითადი და ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც შემუშავებულია თავად სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე. შევჯერდით საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაც ბიუჯეტით არის შესაძლებელი. პირველი კრიტერიუმი გახლავთ სკამების რაოდენობა, 20-დან 80 სკამამდე. ანუ, ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობით, 20-ზე მეტი და 80-ზე ნაკლები სკამი უნდა ჰქონდეს იმ რესტორანს, რომელიც მიიღებს ამ დახმარებას. სკამების რაოდენობა დგინდება დასუფთავების მოსაკრებლით, „თბილსერვისში“ გადახდილი თანხების მიხედვით. ხოლო მეორე კრიტერიუმია ბრუნვა. აქ საუბარი იყო, რომ დღიური 800 ლარიც საკმარისი შეიძლება ყოფილიყო, ან - 1200, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ უფრო მაღალ ნიშნულზე, რაც დღიური 1666 ლარი გამოდის. ანუ 2 თვეში, 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ვისაც აქვს ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლები, ის რესტორნები მიიღებენ დახმარებას.
რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, არის ის, რომ რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარმა.
მისი თქმით, ფულადი დახმარება იქნება ერთჯერადი, რომელსაც თავად რესტორანი განკარგავს.
„რაც შეეხება დახმარების ტიპს, ეს არის ერთჯერადი ფულადი სუბსიდია. რესტორანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რაში გამოიყენებს. ნაწილს სჭირდება დახმარება საბრუნავ საშუალებებზე, ნაწილს იმისთვის, რომ „სტარტის“ ღილაკს დააჭიროს უბრალოდ და დაიწყოს ოპერირება, ხოლო ნაწილისთვის ეს შეიძლება იყოს კომუნალური გადასახადები.
ყველა ეს კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს რესტორანმა. თუ საუბარია იმაზე, რომ ერთი პირი ოპერირებას უკეთებს რამდენიმე რესტორანს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 000 ლარია დახმარება, ამის ზემოთ უკვე დახმარება აღარ გაიცემა.
ამის პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლება, მერია მუდმივად ვმუშაობდით ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ მერიის საკურებაში არსებული მიწები ვისაც ჰქონდა ნაქირავები, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ. ამის პარალეურად მივეცით საშუალება რესტორნებს, რომ მათი ობიექტების წინ გამოიყენონ ტერიტორია და განათავსონ სკამები, როცა აქცენტი ღია სივრცეებზე კეთდებოდა, ან ძალიან მცირე აქვს დახურული სივრცეები და მოთხოვნა რაზეც არის, მიწოდებას ვერ ახერხებენ სივრცით შეზრუდვიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ამინდი ამის საშუალებას არ იძლევა და გარე სივრცეებში გამასპინძლება შედარებით რთული იქნება, თუმცა მომავალი კვირების განმავლობაში ამინდი გაუმჯობესდება და ეს დახმარებაც ბევრად უფრო გამოადგებათ ამ ობიექტების მფლობელებს“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარმა.