,,მოთხოვნა მხოლოდ ძვირად ღირებულ თაიგულებზე შემცირდა“ - როგორია ყვავილების რეალიზაცია პანდემიურ დღესასწაულებზე

მარტში, ქალთა დღესასწაულებზე, როგორც წესი ყვავილებზე მოთხოვნა მკვეთრად იმატებს.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ყვავილების ონლაინ მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნა კვლავ მაღალია და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ყვავილების მაღაზია ,,პიონში“ ამბობენ, რომ ყვავილებზე მოთხოვნა არ შემცირებულა არც ლოქდაუნების დროს, რადგან მაღაზიების დახურვის პირობებში, მოხმარებელი ონლაინ ვაჭრობას და საჩუქრებს ირჩევდა.

,,გასულ წელს, სარვამარტოდ ბევრად უფრო რთული ვითარება იყო. კოვიდის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული და მოსახლეობაშიც სრული პანიკა სუფევდა, მაგრამ მარტის დღესასწაულებზე ადამიანები მაინც ყიდულობენ საჩუქრად ყვავილებს. მეოთხე წელი დაიწყება სულ მალე, რაც ბაზარზე ვართ და მოთხოვნა არცერთ ეტაპზე არ შემცირებულა. ლოქდაუნის დროსაც კი, როცა მუშაობის უფლება არ გვქონდა, სულ იყო შეკვეთები, რადგან სხვა მაღაზიები დაკეტილი იყო, ხალხი ყვავილებს მაინც ყიდულობდა. რა თქმა უნდა, ფასი მომატებულია იმპორტირებულ ყვავილებზე. ჯერ, ადგილობრივი მოსავალი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი 8 მარტს ქალბატონებს მაინც უგზავნის თაიგულებს“- ამბობენ ყვავილების ონლაინ მაღაზიაში ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მოთხოვნა რომ დღესასწაულებზე სტაბილურად მაღალია, ამბობს ყვავილების მაღაზია ,,მაკოს ყვავილების“ მფლობელიც. თუმცა, მისი თქმით, მოთხოვნა შედარებით დაბალი ფასის თაიგულებზეა.

,,სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი ეს მოთხოვნა თუ იქნებოდა და ამდენი ადამიანი შეუკვეთავდა თაიგულს. სხვა 8 მარტებთან შედარებით მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა იმ ფასის თაიგულებს ვეღარ უკვეთავენ, რასაც ადრე. ეს მართლა ძალიან საგრძნობია. ჩემი, მცირე მაღაზიაა და კლიენტების დიდი ნაწილიც მუდმივად ერთი და იგივეა და მათაც, რომ ვაკვირდები, ცდილობენ უფრო მცირე თანხაში ჩაეტიონ. ამას ემატება ისიც, რომ ყვავილები შემოტანილია საზღვარგარეთიდან და შესაბამისად ფასები მომატებულია, ისე როგორც ყველაფერზე, რასაც დოლარში ვყიდულობთ“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მაკო ტაბატაძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის.

თამარ მუკბანიანი