დიახ, მაქვს შენიშვნები - შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა შენიშვნები შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, რეგულაციების მოხსნის პარალელურად, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ინფექციონისტის თქმით, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც ზაფხულში დაუშვა.
„როცა მეკითხებიან, ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვების მოხსნა ინფექციის მატების ახალ ტალღას, ვეუბნები, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ევროპის ქვეყნები ელოდებიან მესამე ტალღას და ამერიკა მეოთხე ტალღას, ჩვენც ხომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვცხოვრობთ და ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ სწორედ კონკრეტული სამსახურები ითვლიან პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და სხვა და თუ იყო ჩვენთვის კარგ პერიოდში 72% პირბადეების ტარება, რაც ასევე, არ არის დიდი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია, 72%-ის შემდეგ იყო 62% და გუშინ მაცნობეს, რომ 62%-იც აღარ არის, უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება - ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსახლეობამ არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც მან დაუშვა ზაფხულში, როდესაც შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარი ვთქვით რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა და ბიზნესი იყოს გახსნილი, შეზღუდვები იყოს მინიმალური ან მთლიანად მოხსნილი და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გვქონდეს შემოსავალი, მოსახლეობა არ იყოს ისეთ გაჭირვებაში, როგორც იყო ამ „ლოქდაუნის“ პერიოდში, მაშინ უნდა ვაღიაროთ და უნდა შევასრულოთ ის, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ურთიერთგამომრიცხავია მოსახლეობის ეს ორი სურვილი, რომ ერთი მხრივ არ იყოს შეზღუდვები და მათ ჰქონდეთ თავისუფალი ცხოვრების და ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, არ ატარონ პირბადეები და არ დაიცვან სოციალური დისტანცირება. ეს ორი მომენტი შეუთავსებელია და ადვილად მიხვდებით, რომელი მომენტია უფრო მარტივად დასათმობი აქედან,“- განაცხადა ცერცვაძემ.