მთაწმინდის რაიონში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ძველი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც არსებული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

მათი ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში, 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება: მულტიფუნქციური დარბაზი; სივრცე სამაგიდო თამაშებისათვის; მცირე სპორტული დარბაზი; ადმინისტრაციული ოთახები; 186 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია.

„სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 609 023 ლარს შეადგენს. მსგავსი ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზანი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ახალგაზრდების ჩართვა და სპორტის სახეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.