„რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“ - რა შემთხვევაში მიიღებენ კვების ობიექტები მერიისგან ფინანსურ დახმარებას

რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“,- ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ კვების ობიექტმა მერიისგან 5 000 ან 10 000-ლარიანი დახმარება მიიღოს, კიდევ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის, ობიექტში სკამების რაოდენობა და დღიური ბრუნვა.

„აქ არის ორი ძირითადი და ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც შემუშავებულია თავად სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე. შევჯერდით საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაც ბიუჯეტით არის შესაძლებელი. პირველი კრიტერიუმი გახლავთ სკამების რაოდენობა, 20-დან 80 სკამამდე. ანუ, ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობით, 20-ზე მეტი და 80-ზე ნაკლები სკამი უნდა ჰქონდეს იმ რესტორანს, რომელიც მიიღებს ამ დახმარებას. სკამების რაოდენობა დგინდება დასუფთავების მოსაკრებლით, „თბილსერვისში“ გადახდილი თანხების მიხედვით. ხოლო მეორე კრიტერიუმია ბრუნვა. აქ საუბარი იყო, რომ დღიური 800 ლარიც საკმარისი შეიძლება ყოფილიყო, ან - 1200, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთეთ უფრო მაღალ ნიშნულზე, რაც დღიური 1666 ლარი გამოდის. ანუ 2 თვეში, 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში ვისაც აქვს ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლები, ის რესტორნები მიიღებენ დახმარებას.

რაც შეეხება მესამე კრიტერიუმს, არის ის, რომ რესტორანი არ უნდა იყოს საერთაშორისო ქსელის ნაწილი, ან „ფრანჩაიზი“, რომელიც არ საჭიროებს დახმარებას ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარმა.

მისი თქმით, ფულადი დახმარება იქნება ერთჯერადი, რომელსაც თავად რესტორანი განკარგავს.

„რაც შეეხება დახმარების ტიპს, ეს არის ერთჯერადი ფულადი სუბსიდია. რესტორანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რაში გამოიყენებს. ნაწილს სჭირდება დახმარება საბრუნავ საშუალებებზე, ნაწილს იმისთვის, რომ „სტარტის“ ღილაკს დააჭიროს უბრალოდ და დაიწყოს ოპერირება, ხოლო ნაწილისთვის ეს შეიძლება იყოს კომუნალური გადასახადები.

ყველა ეს კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს რესტორანმა. თუ საუბარია იმაზე, რომ ერთი პირი ოპერირებას უკეთებს რამდენიმე რესტორანს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 10 000 ლარია დახმარება, ამის ზემოთ უკვე დახმარება აღარ გაიცემა.