რა თქმა უნდა, აქამდეც მეტი კომუნიკაცია გვმართებდა, იმიტომ, რომ ჩვენ შევეჭიდეთ არა უბრალოდ ერთი პროექტის ირგვლივ, არამედ წლობით დაგროვილ პრობლემებს, რაც საქართველოში ენერგეტიკას და ჰესების მშენებლობას უკავშირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საკითხის მოსაგვარებლად ფუნდამენტურ საკითხებზე საერთო კონსენსუსია საჭირო.
„გასული საუკუნის 80 -იანი წლებიდან მოდის ეს დაგროვილი პრობლემები: გარკვეული უნდობლობა ჰესებთან მიმართებით, კამპანია „არაჰესებს!“. პირდაპირ გეტყვით, ვერც ერთი ცალკე აღებული მთავრობა და ვერც ერთი ენერგეტიკის მინისტრი ვერ შეძლებს, რომ ეს სიტუაცია გადატეხოს, თუ არ იქნა უფრო მეტი შეთანხმება, ეროვნული კონსენსუსი და ეროვნული თანხმობა ფუნდამენტური საკითხების ირგლივ. რა არის ეს ფუნდამენტური საკითხები? ეს არის ის თუ ჩვენ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ. უახლოეს ათწლეულში ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც მზარდად და მეტწილად იქნება დამოკიდებული იმპორტზე, თუ ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც თავის საკუთარ უპირატესობას და რესურებს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხები გაცემული გვაქვს, მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტში, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკურ დოკუმენტებში. ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, სოფლის მეურნეობაში. ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ვაჭრობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.
მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას. პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. პეტიციის ავტორები ჰოდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.