8 მარტიდან, რესტორნებმა შიდა სივრცეებით ქვეყნის მასშტაბით განაახლეს ფუნქციონირება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები რესტორნების შემთხვევაში ჯერ კიდევ მოქმედებს. კერძოდ, კომენდანტის საათი, რაც ბიზნესის შეფასებით, ამცირებს მნიშვნელოვნად სამუშაო საათებს, ასევე შაბათ-კვირას რესტორნები კვლავ ვერ შეძლებენ მუშაობას და ამასთან, რესტორნებში მისულ მომხმარებლებს ცოცხალი მუსიკის მოსმენა არ შეეძლებათ.
ამ პირობებით კვების ობიექტების გახსნა რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შეაფასა.
„რესტორნების მუშაობა, ანუ სრულყოფილად გახსნა (შაბათ-კვირას ფუნქციონირება, ცოცხალი მუსიკა, კომენდანტის საათის გადაწევა) ეპიდემიოლოგების მხრიდან დაგეგმილი იყო მაისის ბოლოს. შესაბამისად, ასე რომ შევხედოთ, ახლა რომ გავიხსენით, ნიშნავს რომ რაღაცას მივაღწიეთ და წინ ვართ. 2 კვირის განმავლობაში მოხდება დაკვირვება რა ვითარებას, კოვიდ სიტუაციას მოგვცემს გახსნილი რესტორანი კვირაში 5 სამუშაო დღით მუშაობის პირობებში. თუ კოვიდ სიტუაცია არ გაუარესდა ამ შემთხვევაში აუცილებლად მიიღება ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მუშაობის საშუალების და კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი. ასევე მიიღება აპრილის დასაწყისში მუსიკის დაშვების შესაძლებლობაც,“-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კვების ობიექტების ლიკვიდაცია, რადგან 10 ათასი ობიექტიდან 6 ათასი რესტორანი საქართველოში უბრალოდ აღარ იფუნქციონირებს.