ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დადგება „კომენდანტის საათის“ შემსუბუქების საკითხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, „კომენდანტის საათის“ შემსუბუქების საკითხი დადგება.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი დღევანდელ სხდომაზეც იყო, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

„დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ამ საკითხეზეც. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება სასურველი არაა. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. თუ ეპიდსიტუაცია ამ ჩარჩოებში შევინარჩუნეთ, ეს საკითხიც დადგება“,- განაცხადა გამყრელიძემ.