თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მინისტრის თქმით, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის.
„რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი.
„გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ - იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.