2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიდო სტრატეგია „2020“, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, ყველა პრემიერმა მიივიწყა, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, 2013 წელს შემუშავებული დოკუმენტი ყოველმხრივ აღიარებული იყო, როგორც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი და იქ დასმული საკითხების ნაწილი დღესაც აქტუალურია.
„ჯერ კიდევ 2013 წელს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნოდარ ხადური და დაიდო საქართველოს სოციალურ და ეკონომიკური განვითარების „სტრატეგია 2020“. ეს დოკუმენტი შემდგომში დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა (2014 წელს) და იქვე მთავრობის დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტრებს უნდა წარმოედგინა სამოქმედო გეგმა, გამომდინარე ამ სტრატეგიიდან. ეს სტრატეგია იყო საკმაოდ კარგად დამუშავებული დოკუმეტი, ამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ქართველი ეკონომისტები და ყოველმხრივ აღირებული იყო, როგორც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დოკუმენტი. სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშილის მთავრობიდან წასვლი შემდეგ, ეს დოკუმენტი მიივიწყა ყველა პრემიერ-მინისტრმა. განსაკუთრებით ცუდი იყო, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა „სტრატეგია 2020“ ჩაანაცვლა 4 -პუნქტიანი პრიმიტიული გეგმით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შედეგად, ფაქტი გვქონდა, რომ ქვეყანას დამტკიცებული ჰქონდა სტრატეგია, თუმცა მისი განხორციელება არ ხდებოდა.
დღეს უკვე 2021 წელია, 2020 წლამდე არსებულ სტრატეგიას რა თქმა უნდა, ვადა გაუვიდა, თუმცა მთელი რიგი საკითხები, რაც იქ იყო დაყენებული, დღესაც აქტუალურია. თუნდაც, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, იგივე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ეს თემები არის წამოსაწევი, ახალ კონტექსტში გასააზრებელი და იმის გათვალისწინებაც არის აუცილებელი, რომ 2024 წელს საქართველოს ექნება განაცხადი გასაკეთებელი ევროკავშირში.
ახლა უკვე ახალი სტრატეგია უნდა გამოვიდეს დღეს არსებული მდგომარეობიდან. კერძოდ, დღეს რა კრიზისია, როგორ მოხდება მისი დაძლევა, როგორი უნდა იყოს პოსტ კრიზისული პერიოდი, როგორ უნდა მივიდეს საქართველო 2024 წლამდე, რომ განაცხადი გაკეთდეს ევოკავშირში გაწევრიანებაზე, რა არის ამისთვის ეკონომიკაში გასაკეთებელი და საერთოდ, ხედვა, როგორი უნდა იყოს საქართველო 2030 წლისთვის. ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანში გამოიყენება, ძალიან კარგია და მივესალმები“,- განაცხადა ლადო პაპავამ.