წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ვ.მ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3409 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3409 ლარი შეეფარდა“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.