ღრმად და გულწრფელად მჯერა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი საქართველოს წინსვლას წაადგება. რა თქმა უნდა, ვარ პასუხისმგებელი და ამის თანამონაწილე - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის კითხვას, რომელიც “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მის პირად პასუხისმგებლობას ეხებოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის.
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ეს პროექტი კომპლექსურია, თითოეული ექსპერტი, ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი თავის დასკვნას პირადად აწერს ხელს და თავის ნაწილში იღებს პასუხისმგებლობას. მთავრობა და მათ შორის მეც პასუხისმგებლები ვართ პროექტის შემდგომ განვითარებასა და დამტკიცებაზე. ღრმად და გულწრფელად მჯერა, ეს პროექტი საქართველოს წინსვლას წაადგება. რა თქმა უნდა, ვარ პასუხისმგებელი და ამის თანამონაწილე“, - განაცხადა თურნავამ.
ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის ერთი ლოკალური ჰესის პრობლემა, პრობლემაა ზოგადად ჰესებთან დამოკიდებულებაში.
„პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ უნდა სრულვყოთ და უკეთესი მექანიზმები შევთავაზოთ, რომ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის ხდებოდეს შეთანხმება. ეს არ უნდა იყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შეთანხმება, რომ ერთს სხვა რაღაცას გაუკეთებს ინვესტორი, მეორე შემთხვევაში ინვესტორი უფრო აქტიური და აგრესიული იქნება და თმობს მოსახლეობა. უნდა იყოს სტანდარტული რამ, რაზეც ნებისმიერ ინვესტორს წინასწარ ეცოდინება, რომ შედის და აშენებს ამ სიმძლავრის ჰესს და უნდა იყოს მისი სოციალური პასუხისმგებლობა. მოსახლეობასაც ექნება სწორი მოლოდინი, რომ ის ჰესს მოსახლეობასთან რომ უშვებს, რა სიკეთეები ექნება მათთვის“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, სამოქალაქო აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ადგილობრივები ითხოვენ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობამდე ჰესის აშენების მომხრეებმა შესაბამის დოკუმენტზე მოაწერონ ხელი, რომლითაც ისინი ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ. ამის შესახებ გოლეთიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.