,,ჯერ კიდევ არ ვიცით, შევძლებთ თუ არა გახსნას 15 მარტიდან“ - ,,ოკტოპუსი“

„ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი ვართ, მაგრამ დღესაც კი არ გვაქვს ფინანსები იმისთვის, რომ ერთ კვირაში გახსნა შევძლოთ. ახლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბანკთან“,-ამის შესახებ ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, თითქმის 1-წლიანი დახურვის გამო, ბაზარს საერთოდ ვეღარ დაუბრუნდა არაერთი მცირე სპორტული დარბაზი.

,,ზუსტად თქმა არ შემიძლია, თუმცა ნაწილი, რომ საერთოდ ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, დანამდვილებით ვიცი. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე სპორტულ დარბაზებს. ზაფხულის შემდეგ, როცა მუშაობის საშუალება მოგვეცა, მაშინაც კი ძალიან ბევრი, უკვე დახურული იყო. ისინი კი, ვინც ფუნქციონირებას ვაგრძელებთ, რეალურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ.

ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი ვართ, მაგრამ დღესაც კი არ გვაქვს ფინანსები იმისთვის, რომ ერთ კვირაში გახსნა შევძლოთ. ახლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბანკთან, რომ დამატებითი კაპიტალი მოვიზიდოთ. ჯერ კიდევ ამ მაქვს პასუხი, გავიხსნებით თუ არა 15 მარტიდან. ამისთვის, როგორც უკვე ვთქვი, გვჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელზეც ჯერ წვდომა არ გვაქვს. მოგეხსენებათ, ბიზნესის თავიდან ამუშავება, გასაღების გადატრიალება და კარის გაღება არ არის. გვაქვს უამრავი დაგროვებული დავალიანება და ხარჯები, რომელიც გახსნასთანაა დაკავშირებული. საწყისი ,,ამოქოქვისთვის“ საჭირო ფინანსებიც არ გვაქვს სამწუხაროდ, ამ ეტაპზე“ - განაცხადა გიორგი ასათიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, რეგულაციები თითქმის იგივეა, რაც წინა გახსნის დროს და არაფერი დამატებია, ორი პუნქტის გარდა.

,,რეგულაციები იგივეა, რაც წინა გახსნის დროს იყო და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორი გაიდლაინებიც დასავლურ ქვეყნებშია. ამ გახსნის დროს არის ორი ახალი პუნქტი, ეს არის შედარებით ნაკლები ინტენსივობის ვარჯიშების დროს პირბადის ტარება და თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება. მარტში ხარჯს სახელმწიფო გაიღებს, შემდეგ კი ჩვენი რესურსით მოგვიწევს გატესტვა“- ამბობს ,,ოკტოპუსის“ დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან ფიტნეს დარბაზები გაიხსნება.

თამარ მუკბანიანი