კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების განაცხადებს 31 მაისამდე მიიღებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ფინანსური დახმარება მიიღონ.

„ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით წარმატებულ სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა და მივეცით შესაძლებლობა ახალგაზრდებს, წარმატებულ სტუდენტებს, რომ ფინანსურად დავეხმაროთ, დავუფინანსოთ სწავლა, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად, საბუთების მიღება დაიწყო პირველ მარტს და გაგრძელდება 31 მაისი ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური“, - აცხადებს კალაძე.