თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ოჯახებს ბინის დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდათ.
„წლევანდელ ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება გახლავთ. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კარგი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა - საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ამ ბინებში ცხოვრობს და არა მიწების მიტაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო მიწების გატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობები!
ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა, რითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით. გვაქვს პროგრამა, სადაც 7 000 000 ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ის ოჯახები, ვისაც არ აქვს სახლი, ბინა, სოციალურად შეჭირვებულია დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონებების დატაცება მოხდეს და შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსება. სიახლეა, რომ 27 ოჯახს საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, 1500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს ჩვენი წინა საარჩევნო დაპირება იყო. ვისაც ანალოგიური პრობლება გაწუხებთ, თქვენი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.