გაზრდილი ექსპორტი და დივერსიფიცირებული ბაზრები - ქვეყნები, სადაც 2020 წელს ქართული ჩირი გავიდა

2020 წელს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქართული ჩირის ექსპორტის მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, როგორც East fruit-ი წერს, გასულ წელს ექსპორტზე 600 ტონაზე მეტი ჩირი გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 2 მილიონ დოლარამდე მიიღო. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 46% -ით მეტი პროდუქტი გავიდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 58% -ით გაიზარდა.

2020 წელს ქართული ჩირის 48% გერმანიაში გავიდა, 20% რუსეთში, ხოლო 13% - ჩინეთში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანია გახდა უმსხვილესი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. 2016-2020 წლებში სტაბილური იყო რუსული ბაზრისთვის მიწოდება. ამასთან, ექსპორტში გასულ წელს პირველად დაიკავა მესამე ადგილი ჩინეთმა, სადაც 82 ტონამდე ქართული ჩირი გავიდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წლებში ჩინეთის წილი უმნიშვნელო იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზრდილია ზოგადად სავაჭრო პარტნიორების რაოდენობაც. თუ 2016 წელს ქართული ჩირი მხოლოდ 11 ქვეყანაში გავიდა, 2020 წელს ქვეყნების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

გასულ წელს ახალი ბაზრების რიცხვს დაემატა იაპონია. ამასთან, პროდუქტი გავიდა თურქეთში, ჩეხეთში, ლატვიაში და ა.შ.

როგორც East fruit-ი წერს, გარდა ტრადიციული ვაშლის და ქლიავის ჩირისა, ქართულმა კომპანიებმა ასევე დაიწყეს საზამთროს, ნესვის, კივის და კენკრის ჩირის წარმოებაც, რაც საექსპორტო ბაზრებისთვის საინტერესოა, თუმცა ადგილობრივ მომხმარებლებზე ნაკლებად არის გათვლილი.

ნინი ქეთელაური