ქართული ბრენდი „ამამია“ მაღაზიას ხურავს

კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული გაყიდვების შედეგად ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ამამია“ თბილისი მოლში მდებარე მაღაზიას ხურავს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორის წარმომადგენელი ლაშა ბერულავა აცხადებს, თუ სიტუაცია მცირედით მაინც არ გამოსწორდა, „ამამიას“ მეორე მაღაზიის დახურვა და წარმოების მთლიანად გაჩერება მოუწევს. არადა, პანდემიამდე კომპანია ქსელის გაფართოვებას და ექსპორტზე გასვლასაც კი გეგმავდა.

„ამამია“ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია მხოლოდ ქალის ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს. „ამამიამ“ პირველი მაღაზია 2018 წლის 18 მაისს თბილისი მოლში გახსნა, მეორე კი 2019 წლის ნოემბერში „ისთ ფოინთში“. ამ დროისთვის როგორც ფაბრიკაში, ასევე მაღაზიებში მთლიანად 22 ადამიანია დასაქმებული.

„პანდემიამდე ჩვენი ორივე მაღაზია ძალიან კარგად მუშაობდა. იგეგმებოდა ქსელის გაფართოვება და ექსპორტზე გასვლაც კი. ბევრი ტურისტი ყიდულობდა ქართულ ტანსაცმელს. პანდემიის გამო აღარ არიან ტურისტები, შესაბამისად, სიტუაცია ნეგატიურად შეიცვალა, განსაკუთრებით კი შეუმცირდა გაყიდვები თბილისი მოლში განთავსებულ მაღაზიას, გაყიდვები ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისი მოლის მაღაზია დავხუროთ.

მართალია, ვცდილობთ, რომ მთლიანად არ დავიკეტოთ და დავრჩეთ ბაზარზე, მაგრამ თუ სიტუაცია ცოტათი მაინც არ შეიცვალა, სავარაუდოდ, მოგვიწევს „ისთ ფოინთის“ მაღაზიის დახურვაც და მთლიანად წარმოების შეჩერება“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ამამიაში“.