ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების რაოდენობის 1500-დან 1000-მდე შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების რაოდენობის 1500-დან 1000-მდე შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად იზრდება.

“თბილისის მერია ატარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ პოლიტიკას. სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციას და ძველი ინფრასტრუქტურის ახლით ჩანაცვლებას. ჩვენ, წლის ბოლომდე მოვახდენთ მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლებას. მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა 1500-დან 1000-ზე მცირდება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსპორტის მიწოდებას ვამცირებთ, ამას ავტობუსები ანაცვლებს.

საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობა, მნიშვნელოვნად იზრდება. აქედან გამომდინარე, არ დგას იმის რისკი, რომ თუ ვინმე დღეს ატარებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი საჭიროება აღარ იქნება. პირიქით მეტი დაგვჭირდება’,-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ამასთან, როგორც ირაკლი ხმალაძე დასძენს, დედაქალაქის მერიასა და თბილისის სამარშრუტო კომპანიას შორის ხელშეკრულების პირობები შეიცვლება. სამარშრუტო კომპანიის შემოსავლები აღარ იქნება დამოკიდებული მგზავრის მიერ გადახდილი ტარიფის ოდენობაზე.

„ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას. თბილისის სამარშრუტო კომპანია სრულიად ახალ სისტემაზე გადაგვყავს. კომპანიის შემოსავლები აღარ იქნება დამოკიდებული ტარიფის ოდენობაზე, ეს კომპანია ნებარისთვის ვადის ბოლომდე მუნიციპალიტეტის დაქირავებული კომპანია იქნება, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადაუხდის ანაზღაურებას. ტარიფის სახით მგზავრის მიერ გადახდილი საფასური შემოვა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე“,-აცხადებს ხმალაძე.